კვირა
19/05/2024
09:06
სექციის კატეგორიები
უფოლოგია [22]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


ამო
ამო-ს მოვლენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი იყო პრესასთან მკვლევართა ურთიერთობის საკითხი. ზოგჯერ ინფორმაციები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ყოველთვის პოპულარული იყო,როგორც ვიცი, საქართველოში არსებობდა უფოლოგიის შემსწავლელი მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიზიკოსი თალეს შონია. შემდეგ მისი საქმე მისმა შვილმა ერეკლე შონიამ გააგრძელა. გაზეთებში ხვდებოდა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში რეზონანსის გამოწვევა შეეძლო.

ზუსტად 60 წლის წინ, 1947 წლის 24 ივნისს, აშშ-ში (ვაშინგტონის შტატი) ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (ამო) შესახებ უფოლოგიის ისტორიაში პირველი მონაცემები იქნა დაფიქსირებული. აქედან მოყოლებული მსოფლიოში არ ცხრება არაოფიციალური დისკუსია იმის შესახებ, რა არის ამო: მითი, ბუნებრივი მოვლენა თუ მტკიცებულება დედამიწის გარეთ ცივილიზაციის არსებობის შესახებ.

უფოლოგები, ანუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარები ასახელებენ რამდენიმე საბუთს იმასთან დაკავშირებით, რომ ამო - არც მითია და არც მონაგონი. ცნობილ უფოლოგს ჯოზეფ ალენ ჰაინეკს დასამტკიცებლად მოაქვს ის ფაქტი, რომ «ყველაზე უფრო აზრიანი და მკაფიო შეტყობინებები მოდის იმ თვითმხილველებისგან, რომლებიც პრობლემაში არ არიან გათვითცნობიერებული, სამაგიეროდ გულწრფელად უკვირთ ნანახი. ამო-ს ფანატები ან ოკულტისტები და მისტიკოსები კი საკუთარ აღწერილობებს იშვიათად გზავნიან. თანაც, ეს უაზრო ტექსტები ადვილად ვლინდება და უვარგისად მიაჩნიათ. გარდა ამისა, ამო ხშირად ერთდროულად რამდენიმე თვითმხილველის მიერ დასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამო-ს თვითმხილველები დაცინვის ობიექტები ხდებიან და საკუთარ კარიერასაც საფრთხეში აგდებენ, მოვლენის კვლევაში თანამონაწილეობაზე მაინც არ ამბობენ უარს. ზოგჯერ თვითმხილველები სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლაზე თანხმდებიან. ამო-ს შესახებ ცნობები მოდის მეცნიერებისგანაც. თვით სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი დონალდ მენზელიც კი წერდა, რომ პირადად აკვირდებოდა ცაში ნათებას და იძულებული გახდა ამო-ს არსებობა ეღიარებინა.

ამო-ს შესაძლო არსებობის კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სიმპტომთა მსგავსება, რომლებიც მედიცინის მუშაკებმა მოვლენის თვითმხილველებში გამოავლინეს. როგორც წესი, დაფიქსირებულია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევა. ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება გამოსხივების შედეგი იყოს. ამავე დროს, არის მონაცემები იმის შესახებაც, რომ ადამიანები ამო-სთან შეხვედრის შემდეგ უკურნებელი სენისგან განიკურნენ. 73 წლის არგენტინელს ვენტურა მასეირასს, რომელმაც 1972 წლის 30 დეკემბერს საკუთარი სახლის ზემოთ ამო დაინახა, მისი სიტყვებით, ახალი კბილები ამოუვიდა.

მოსკოვის ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი იური პოლიშჩუკი გაზეთ «არგუმენტი და ფაქტიში» ადამიანთა გამოჯანმრთელების შემთხვევების შესახებ წერდა: «ყოველთვის, როცა სერიოზული მეცნიერები ასეთ მოვლენებში გარკვევას ცდილობდნენ, აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს ან ილუზიების  ან დამახინჯებული მსჯელობის შედეგი იყო, ანდა თვითშთაგონება, რომელიც ნამდვილად კურნავს – შეიძლება კეთილთვისებიანი სიმსივნის ან ნაწიბურის გაწოვა მოხდეს. მეცნიერულად ეს სავსებით ახსნადია. მაგალითად, ადამიანს ჰქონდა კისტა რომელიმე შინაგან ორგანოში. მას მოეჩვენა, რომ დაჯდა «თეფში»...  გაუკეთეს ოპერაცია, კისტა ამოუღეს, ნაკერები კი არ დარჩა. როცა მას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ კისტა აღარ ჰქონდა».

ამავდროულად არსებობს ბევრი ფოტოსურათი და ვიდეოფირი, რომლებზეც  ამოუცნობი ობიექტებია აღბეჭდილი. სურათების ნამდვილობა დადასტურებულია ექსპერტიზით, მაგრამ რადგან ამო-ს გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელად ხდება,
ამის გამო გამოსახულება იშვიათად არის ხარისხიანი.

ალენ ჰაინეკი ასახელებს რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც დღისით გადაღებული ამო-ს  ფოტოების ნამდვილობა დგინდება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს «იმ ფოტოგრაფის საიმედოობის დადასტურება, რომელმაც ამო პირადად ნახა გადაღების მომენტში». მეორე, თვითმხილველმა მკვლევარებს უნდა წარუდგინოს ნეგატივების ორიგინალები და თვით ფოტოკამერა, რომლითაც ფოტოები გაკეთდა და, მესამე - ფოტოგრაფმა აუცილებლად ფიცით უნდა დაადასტუროს სურათების ნამდვილობა და აგრეთვე ისიც, რომ ეს გამოსახულება ნამდვილად ამოუცნობი ობიექტისაა და არა სხვა რამის. უკანასკნელი პირობა არ არის აუცილებელი, თუ წარმოდგენილ ფოტომასალას სხვადასხვა წერტილიდან გადაღებული რამდენიმე დამოუკიდებელი სურათი ახლავს თან.

ამო-ს კვლევაში მნიშვნელოვანი პუნქტია ამო-ს და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება. ერთი მხრივ, მრავალი გამოჩენილი მკვლევარი, მაგალითად, ალენ ჰაინეკი და დონალდ მენზელი - ასტროფიზიკის პროფესორები არიან. მეორე მხრივ, მეცნიერთა უმრავლესობა ამო-ს, როგორც დედამიწის გარეთა ცივილიზაციის წარმომადგენლის შესაძლებელ არსებობას მაინც არ აღიარებს.

ჰაინეკი წერს: «1968 წლის ზაფხულის ერთ საღამოს ვიქტორიაში (ბრიტანეთის კოლუმბია) ასტრონომიულ სიმპოზიუმთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა. დიდ რესტორანში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რამდენიმე ასეული ასტრონომი შეიკრიბა. უეცრად დარბაზში შემოვიდა კაცი და გამოაცხადა, რომ ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები გამოჩნდა. მაგიდებს მსუბუქმა სიცილმა გადაუარა და მალევე მიწყნარდა. ადამიანებმა კვლავ გააგრძელეს ერთმანეთთან საუბარი. არც ერთი მეცნიერი არ ამდგარა და არ გასულა ქუჩაში, რათა საკუთარი თვალით დაენახა ბუნების ამოუცნობი ფენომენი!»

ჰაინეკი თვლის, რომ «არსებობს იმ მეცნიერთა ორი ტიპი, რომლებიც ამო-ს უარყოფენ. პირველ ტიპს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც დაცინვით ეკიდებიან ამ საკითხს არც კი ცდილობენ რომელიმე ფენომენზე დაკვირვების კონკრეტულ შემთხვევაში გარკვევას. მეორე ტიპს ის მეცნიერები მიეკუთვნებიან, რომლებიც შემოწმების შემდეგ იხრებიან ამო-ს როგორც ფსიქოლოგიური მოვლენის რეალურობის აღიარებისკენ, მეორე ჯგუფის მკვლევარების პოზიცია გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მათ განხილვისთვის აქვთ მასალა. პირველი ჯგუფის შეხედულებები კი პირიქით, დისკუსიების სტიმულირების საშუალებას არ იძლევა, რადგან მათი აზრით, ვინაიდან არ არის ფენომენი, არც მსჯელობის საგანი  იქნება».

ჩვენს ქვეყანაში ამო-ს გამოკვლევა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სპეციალური პროგრამა გახდა. ამის შესახებ საუბრობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოლის სამეცნიერო ცენტრის პოლარული გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი ჩერნოუსი, რომელიც ერთ დროს ანომალურ მოვლენათა საკითხში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების კომისიის წევრი იყო.

სსრკ-ში ამო-ს მიმართ ინტერესი 70-იან წლებში გაღვივდა. მაშინ უაღრესად პოპულარული იყო ლექციები ამო-ს შესახებ, მათ კითხულობდნენ ინსტიტუტებში, საწარმოებსა და სამხედრო ნაწილებშიც კი. მას შემდეგ, რაც 1977 წელს «პეტროზავოდსკის სასწაული» მოხდა (გამთენიისას სსრკ-ის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის მცხოვრებნი რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ მსხვილი მასშტაბის სინათლის მოვლენების განვითარებას: «ვარსკვლავს სინათლის სხივებით», «მედუზას», ციურ პროჟექტორებს» და ა. შ.). ამასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეს  ჯგუფი და მასში სამუშაოდ სხვადასხვა მეცნიერები მიიწვიეს.

ასე აიღო სტარტი იმ პროგრამამ, რომელიც 13 წლის განმავლობაში - 1991 წლამდე მოქმედებდა. სწორედ მაშინ მოხდა ამო-ს შესაძლო წარმოშობის შესახებ სამი პრიორიტეტული ვერსიის ფორმულირება: პირველის მიხედვით ამო არის ადამიანური მოღვაწეობის პროდუქტი, მეორე ვერსიის მიხედვით იგი დედამიწაზე, მის ატმოსფეროსა და კოსმოსში ბუნებრივი მოვლენების მანიფესტაციაა, ხოლო მესამე ვერსია ამო-ს დედამიწისგარეთა ცივილიზაციების არსებობის გამოვლინებად მიიჩნევს.

უკანასკნელი ვერსია მხოლოდ მრავალრიცხოვანი დისკუსიების შემდეგ და მხოლოდ მიდგომის კორექტულობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული. გამოკვლევები  ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: სამხედრო და სამეცნიერო. სამხედროებს აინტერესებდათ ამო-ს გავლენა ტექნიკასა და სამხედრო მოსამსახურეებზე. მეცნიერებმა კი კონცენტრირება მოახდინეს თვითონ მოვლენის ბუნებასა და გარემოზე ამო-ს შესაძლო გავლენაზე.

სსრკ-ში განხორციელებული პროგრამა მსოფლიოში ყველაზე უფრო მასშტაბური იყო. ცნობები მოდიოდა როგორც შემთხვევითი თვითმხილველების, ასევე მეტეოროლოგებისგანაც. დაკვირვებები მიმდინარეობდა სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიო ოკეანეზე. როგორც სერგეი ჩერნოუსი ამბობს, «ყველაზე უფრო გასაოცარი და საინტერესო ის იყო, რომ მიუხედავად არმიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ათასობით დაკვირვებიდან შეკრებილი ექსპერიმენტული მონაცემების ბანკისა, არც ერთი შეტყობინება არ ყოფილა მიღებული ამო-ს დაჯდომის, «ამო-ს პილოტებთან» კონტაქტის, ამო-ს მიერ ადამიანთა მოტაცების შესახებ. როგორც ჩანს, პროექტის მოქმედების ცამეტი წლის მანძილზე უცხოპლანეტელებმა დედამიწის მონახულებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს.

ამ ფაქტიდან გამომდინარე კი მივიდნენ სერიოზულ დასკვნამდე, რომ უცხოპლანეტური წარმოშობის ჰიპოთეზა რეალურობას მოკლებულია. იმ შემთხვევათა უდიდესი უმრავლესობა, რომლებსაც თვითმხილველები ამო-დ აღიქვამდნენ, დაკავშირებულია ადამიანის ტექნიკურ საქმიანობასთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან. მათი 90%-ზე მეტი განპირობებულია მფრინავი აპარატებით, დიდი სიმაღლის აეროსტატებით, სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის გაშვებითა და მანევრებით და მსგავსი ექსპერიმენტებით. 9%-ს შეადგენს ნათებები: დაწყებული არსებული ასტრონომიული ობიექტებიდან და ატმოსფეროში იშვიათი ოპტიკური მოვლენებით დამთავრებული».

ერთ-ერთი ვერსია, რომელიც იმ დროს თავდაცვის სამინისტროს ანომალური აეროკოსმოსური მოვლენების წამყვანი სპეციალისტის, პოლკოვნიკ ა. პლაკსინის მიერ გამოითქვა, იყო ის, რომ ამო აშშ-ის ახალი იარაღია. სერგეი ჩერნოუსი კი თვლის, რომ  შეუძლებელია სსრკ-ს ამერიკელების მიერ ახალი იარაღის შექმნა გამოპარვოდა. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ თანამედროვე ამერიკული მიღწევების რაღაც ნიმუშები შეიძლება გაჩენილიყო იმ ლაბორატორიებში, სადაც ამო-ს სწავლობენ.

ამო-ს მოვლენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი იყო პრესასთან მკვლევართა ურთიერთობის საკითხი. ზოგჯერ გაზეთებში ხვდებოდა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში რეზონანსის გამოწვევა შეეძლო. ჩერნოუსს მაგალითად მოაქვს 1985 წელს გაზეთ «ტრუდში» ვ. ვოსტუხინის სტატია «ზუსტად 4.10». «მასში აღწერილი იყო მოვლენა, რომლის მომსწრეც მინსკის რაიონის ტრასაზე  «თბილისი-როსტოვი-ტალინის» სარეისო თვითმფრინავის ეკიპაჟი გახდა: როცა საკუთარ მხარეზე ცის ნაწილს ათვალიერებდა, მეორე პილოტმა მარჯვნივ არამოციმციმე მსხვილი ვარსკვლავი დაინახა...

წერტილიდან წარმოიქმნა ძალიან წვრილი სინათლის სხივი და დედამიწამდე შვეულად დაეშვა. სინათლის სხივი ფართოვდებოდა, და თანდათან გარდაიქმნებოდა კაშკაშა სინათლის კონუსად, მერე წარმოიქმნა მეორე კონუსი, უფრო ფართო, მაგრამ  პირველზე ნაკლებად კაშკაშა, შემდეგ მესამე კონუსი - უფრო ფართო და სულ ბაცი... რა სიმძლავრე უნდა ჰქონდეს ასეთ პროჟექტორს?.. მერე ისინი ხედავდნენ თვალისმომჭრელ თეთრ წერტილს, რომელიც გარემოცული იყო ფერადი კონცენტრირებული რგოლებით... თეთრი წერტილი აინთო და მის ადგილზე გაჩნდა მწვანე ღრუბელი...»

სტატიის გამოსვლის შემდეგ რედაქცია აივსო წერილებით, ევროპის ქვეყნები კი დიპლომატიური არხებით სსრკ-ში ახალი იარაღის გამოცდასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ ის, რაც თვითმფრინვის ეკიპაჟმა დაინახა, ნამდვილად იყო დაკავშირებული ახალი იარაღის გამოცდასთან, მაგრამ არა მინსკის რაიონში, არამედ ბევრად უფრო ჩრდილოეთით, თეთრი ზღვის აკვატორიის თავზე, სადაც მიმდინარეობდა საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. ეს ფენომენი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მრავალი პუნქტიდან და ფინეთიდანაც ჩანდა.

სერგეი ჩერნოუსის აზრით, დღეისათვის არ არსებობს არც ერთი სარწმუნო ფაქტი დედამიწისგარეთა ამო-ს არსებობის შესახებ. მას სჯერა, რომ ასეთი ფაქტის გაჩენისთანავე მის გამოკვლევაში დიდი სამეცნიერო კოლექტივები ჩაერთვებოდა.

ჯერ კიდევ 2000 წელს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ შეადგინა საიდუმლო მოხსენება ამო-ს შესახებ, სადაც დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ დედამიწელებს არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. მოხსენება წარმოადგენს ოთხწლიანი დაკვირვების შედეგს და ეწოდება «დიდი ბრიტანეთის ამოუცნობი საჰაერო ფენომენები». იგი გამიზნულია იმისთვის, რომ პასუხი გასცეს უფოლოგების მარადიულ კითხვას: «არის იქ ვინმე?»

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ის ამოუცნობი ფენომენები, რომლებსაც თვითმხილველები ხედავენ, შეიძლება მეტეორების შედეგები იყოს.

«მტკიცებულებათა მნიშვნელოვანი რაოდენობა ადასტურებს თეზისს იმის შესახებ, რომ მოვლენები (ამო) თითქმის ყოველთვის გამოწვეულია ფიზიკური, ელექტრული და მაგნიტური მოვლენებით ატმოსფეროში, მეზოსფეროსა და იონოსფეროში. ისინი ჩნდება გარკვეული ამინდის პირობებში და ელექტრული განმუხტვის დროს და ადგილი აქვს ძალიან იშვიათად, ეს კი მნახველს საშუალებას აძლევს ილაპარაკოს მათი უნიკალურობის შესახებ», - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება ადამიანთა განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან კონტაქტში შევიდნენ, ეს მოხსენებაში  შემდეგნაირად არის ახსნილი: «პლაზმურ ველებთან სიახლოვემ შეიძლება მავნე ეფექტი გამოიწვიოს მექანიზმებსა და ადამიანებში. მედიცინამ დაადასტურა, რომ ამ ტიპის ადგილობრივმა ველებმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია ადამიანის ტვინის საფეთქლის ნაწილში. ამის შედეგად ადამიანს უჩნდება საკმაოდ ნათელი წარმოდგენა იმ მოვლენებზე, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა».

მოხსენებაში ნათქვამია რომ, ამო-ს წარმოშობის სხვა მიზეზი თვითმფრინავის შუქები, უჩვეულო ფორმის საჰაერო ბურთები და ფრინველთა გუნდიც კი შეიძლება იყოს.

მიუხედავად ამისა, უფოლოგები მაინც აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მოხსენება ცაში არსებულ ყველა მოვლენას ბოლომდე მაინც ვერ ხსნის. მეტიც, უფოლოგები დარწმუნებული არიან, რომ მთავრობა მოქალაქეებისგან ამო-ს შესახებ რეალურ ფაქტებს ყოველთვის დამალავს, რადგან  უბრალოდ ეშინიათ იმის არსებობის აღიარება, რაც მათ აბსოლუტურად არ ემორჩილება.

კატეგორია: უფოლოგია | დაამატა: გელა (22/03/2009) | ავტორი: gela
ნანახია: 3842 | რეიტინგი: 4.7/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]