კვირა
19/05/2024
08:42
სექციის კატეგორიები
ეს საინტერესოა [162]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 2
სტუმრებიდან: 2
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


აუგმენტური და ვირტუალური რეალობა, ანუ ციფრული სამყარო რეალურ ცხოვრებაში

ამ სტატიაში ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევაზე - ვირტუალურ და აუგმენტურ რეალობეზე. მართალია, ორივე მათგანი უკვე არსებობს და პრაქტიკაშიც დანერგილია, თუმცა ამ ტექნოლოგიებს შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ვირტუალური (VR) და აუგმენტური (AR) რეალობები ჩვენი და შემდგომი თაობების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ტექნოლოგიების თავისებებურებებსა და განსხვავებების შესახებ მოგიყვეთ.

აუგმენტური რეალობა

 

იმისათვის, რომ მარტივად გავიგოთ, რას ნიშნავს აუგმენტური რეალობა, ცნობილი მაგალითები განვიხილოთ: ალბათ გახსოვთ პოპულარული თამაში Pokemon Go, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ეს თამაში აუგმენტური რეალობის რეალურ ცხოვრებაში დანერგვის მორიგი მცდელობა იყო, სწორედ ამიტომ მას არნახული გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, Pokemon Go-მ  ვიდეო თამაშების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, აუგმენტური რეალობის დეველოპერებს კი მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა. თამაშის ასეთი პოპულარობა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს ამ ტექნოლოგიის კიდევ უფრო განვითარებისა და რეალურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მოთხოვნილება აქვთ. ცნობისთვის, ამ თამაშმა მის შემქმნელებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.

 

სინამდვილეში Pokemon Go აუგმენტური რეალობის პოპულარიზაციისთვის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ნაბიჯი იყო, რომელმაც პროექტი საოცრად პოპულარული გახადა. ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა - რა არის ამ ტექნოლოგიის მომავალი? მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ აუგმენტური რეალობის არსი და მისი მომავალი.

 

მარტივად რომ ვთქვათ, აუგმენტური რეალობა არის ტექნოლოგია, რომელიც ციფრულად დამუშავებულ ინფორმაციას - გამოსახულებებს, ხმას, სურათებს - რეალურ ცხოვრებაში აინტეგრირებს, ისე, რომ   მას და ადამიანებს შორის ინტერაქცია მარტივი ვერბალური თუ სხეულის საშუალებებით შედგეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აუგმენტური რეალობის დახმარებით ყველა ციფრული ქმნილება რეალურ დროსა და სივრცეში გადმოინაცვლებს და მათთან ურთიერთობა შესაძლებელი ხდება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა როგორც პერსონაჟებთან, ასევე მოწყობილობებთან და აპლიკაციებთან.

 

მოდით, კიდევ უფრო გავამარტივოთ სურათი. წარმოიდგინეთ, რომ დილით ადრე იღვიძებთ და შედიხართ სააბაზანოში კბილების გამოსახეხად. ბოლო დროს თანამედროვე ადამიანის დილა წარმოუდგენელია ელექტრონული ფოსტის, მესენჯერის, ან სხვა აპლიკაციის შემოწმების გარეშე. ჩვენ მათთან გაღვიძებისთანავე ვურთიერთობთ, ხომ ასეა? - რა თქმა უნდა, ასეა. დავუბრუნდეთ ჩვენს სცენარს. მოკლედ, შედიხართ სააბაზონში და იწყებთ კბილების გამოხეხვას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ შეხედოთ სარკეს, რომელზეც გამოჩნდება სპეციალური ჰოლოგრამა, გნებავთ ეკრანი, სადაც დაინახავთ ყველაფერს, რასაც, როგორც წესი, ტელეფონში ამოწმებთ ხოლმე. მათ შორის მეილს, მესენჯერს, გამოტოვებულ ზარებს, შეტყობინებებს და ა.შ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ამავე სარკეში გამოსახულ ეკრანზე შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი, რუკა, მოისინჯოთ სხვადასხვა ტანისამოსის ციფრული ვერსია  და ა.შ. ასევე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს, ჩამოსქროლოთ ფეისბუქი, ან, სულაც,  საოფისე პროგრამებში იმუშაოთ.

 

თუ მაინც გაგიჭირდათ მსგავსი ტექნოლოგიის წარმოდგენა, ამ ვიდეოს ნახვას გირჩევთ:

https://www.youtube.com/watch?v=lvCaw3pT6eg

გამომგონებლები ამ ტექნოლოგიას  „მეექვსე გრძნობას", იგივე SixthSense Technology-ის ეძახიან. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს 2009 წელს, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებმაც შექმნეს მოწყობილობა SixthSense. ეს მოწყობილობა ერთდროულად კამერის, სარკის, პროექტორისა და სმარტფონის ფუნქციებს ასრულებდა.

 

შემდეგი დიდი სიტყვა აუგმენტური რეალობის სფეროში გუგლს ეკუთვნის. ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია Google Glass-ის შესახებ, რომელიც ამ ტექნოლოგიის პოტენციური შესაძლებლობების მწირი მონაცემებით არის აღჭურვილი. მისი გამოყენებისას მომხმარებელი ხედავს ციფრულ გამოსახულებას, რომლის კონტროლი ხმითაც შეუძლია.

 

ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=4EvNxWhskf8

 

დღეს აუგმენტური რეალობის გამოყენება სხვადასხვა მობილური აპლიკაციებითაც შეიძლება. მის ფუნქციებში გასარკვევად გირჩევთ გადმოწეროთ „ვიტოს" მიერ შექმნილი აპლიკაცია Star Walk. ამ აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ კამერით დააფიქსიროთ ვარსკვლავებიანი ცა, რომელიც გეტყვით, რა ჰქვია კადრში მოხვედრილ ვარსკვლავებს, არის თუ არა ცაზე რომელიმე თანავასკვლავედი და ა.შ. კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელიც ამ ტექნოლოგიას იყენებს, Disney-მ შექმნა და მას Coloring Book ჰქვია. ეს აპლიკაცია სახატავი რვეულიდან იმ პერსონაჟის 3D გამოსახულებას ქმნის, რომელსაც მომხმარებელი ხატავს. ზუსტად ისე, როგორც ფოტოზე ხედავთ.

 

წყარო: Disney / Youtube

 

აუგმენტური რეალობის მომავალი

 

სამყაროში თითქმის არაფერს აქვს ისეთი ნათელი მომავალი, როგორც აუგმენტური რეალობის ტექნოლოგიას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ტექნოლოგია სამომავლოდ მედიცინის სფეროშიც დაინერგება. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ტრავმატოლოგთან, რომელიც ამ ტექნოლოგიი საშუალებით გამოგიკვლევთ და უტყუარ დიაგნოზს დაგისვამთ. ექიმი შეხედავს მოტეხილობას ან დაზიანებას და დაინახავს გამოსახულებას, რომელიც მას შესაბამის მკურნალობის მეთოდსაც შესთავაზებს. ასეთივე წარმატებით შეიძლება დაინერგოს ეს ტექნოლოგია ქირურგიული ოპერაციების დროს. ალბათ უკვე მარტივად წარმოიდგენთ მისი მუშაობის პრინციპს.

აუგმენტური რეალობის მართვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სმარტფონებით ან ტაბლეტებით, არამედ კონტაქტური ლინზებითაც. თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ და სათვალის ნაცვლად ლინზას იყენებთ, მიხვდებით, რა ფორმით შეიძლება დაინერგოს აუგმენტური რეალობა - მის ასათვისებლად თქვენ აღარ დაგჭირდებათ დამატებითი მოწყობილობები, ის თქვენ თვალებში გექნებათ, რის შემდეგაც გაცილებით მარტივად შეძლებთ ყველაფრის კონტროლს.

 

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ბელგიურმა ტელევიზიამ გამოიყენა აუგმენტური რეალობის ჰოლოგრამა და ბელგიელი ფეხბურთელი, ედენ აზარი, რომელიც იმ დროს რუსეთში იმყოფებოდა, პირდაპირ ეთერში ისე ჩართო, თითქოს აზარი სტუდიაში იჯდა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ტექნოლოგიით.

 

ვიდეო (https://www.youtube.com/watch?v=-fyMvptTM2o)

 

ერთი სიტყვით, Black Mirror-ის მაყურებლები კარგად მიხვდებიან, რა სახის ტექნოლოგიაა აუგმენტური რეალობა.

ვირტუალური რეალობა

 

ვირტუალური რეალობა, იგივე VR ერთი შეხედვით ძალიან გავს აუგმენტური რეალობის ტექნოლოგიას, თუმცა რეალურად ეს სრულიად განსხვავებული კონცეფციაა. ვირტუალური რეალობა წარმოადგენს ერთგვარ მენტალურ ტელეპორტაციას, რომელიც თავიდან ბოლომდე კომპიუტერულ სიმულაციაა. იმისათვის, რომ ამ ტექნოლოგიის სიკეთეებით ისარგებლოთ, საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ოკულუსის სახელითაა ცნობილი. მას შემდეგ, რაც  ამ მოწყობილობას მოირგებთ, თქვენ კარგავთ რეალობასთან კავშირს და  ვირტუალურად შექმნილ სამყაროში გადადიხართ, რომელიც შეიძლება ათასგვარი იყოს.

 

ძირითადად, ვირტუალური რეალობა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაშია დანერგილი. მთავარი, რაც ვირტუალურ რეალობას აუგმენტური რეალობისგან განასხვავებს, ისაა, რომ VR-ის შემთხვევაში თქვენ თავად ხდებით პერსონაჟი, ვირტუალური სამყაროს ნაწილი, ალგორითმის შემადგენლობა.

ცდებით, თუ ვირტუალური რეალობის კონცეფცია უახლესი მოვლენა გგონიათ. მასზე მუშაობა პირველად 1962 წელს, მორტონ ჰაილიგმა დაიწყო. მან შექმნა სენსორამა, რომელიც დღევანდელი ვირტუალური რეალობის პირველ სახედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მორტონმა შექმნა ვიდეო თამაში, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევდა მოტოციკლეტი ემართა ბრუკლინის ქუჩებში და მთლიანად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში.

 

პირველი, ოკულუსის მსგავსი ვირტუალური რეალობის ხელსაწყო შექმნა ივან საზერლენდმა. ეს მოვლენა ამ სფეროში ნამდვილი გარღვევა იყო. ისტორიული დისკურსით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ვირტუალური რეალობა ძალიან დიდი ხნის წინანდელი კონცეფციაა, რომელიც დღემდე ვითარდება.

 

ვიდეო (https://www.youtube.com/watch?v=f9MwaH6oGEY)

 

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირტუალური და აუგმენტური რეალობები ჯერ კიდევ მომავლის ტექნოლოგიებია, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას რამდენიმე წელიწადში შეცვლის. მანამდე კი,  შეგვიძლია, ამ ტექნოლოგიების პატარ-პატარა მიღწევებით სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით ვისარგებლოთ.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: გელა (02/04/2020) | ავტორი: ავტორი: დიმიტრი სანაია
ნანახია: 324 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]