NASA–მ დიდი ხნის წინ მიაქცია ყურადღება პლანეტის ზედაპირზე დროდადრო წარმოშობილ ბნელ ზოლებს. ახლა დადასტურდა, რომ ამის მიზეზი სეზონური დინებებია. ისინი ჩნდებიან წელიწადის თბილ დროს და სიცივეში ქრებიან. ნაკადების სიგანე 5 მეტრს არ აღემატება.
ამ დინებების აღმოჩენა მოხერხდა აპარატ High Resolution Imaging Science Experiment (HiRISE)–ის კამერების საშუალებით. ამ დინებების წყლის წყარო უცნობია. კვლევითი ინსტიტუტის SETI ხელმძღვანელის სეტი შოსტაკის აზრით, სეზონური დინებები შეიძლება იყოს ადრე არსებული ტბების კვალი.
სპექტრალურმა ანალიზმა მარსის ფერდობებზე ჰიდრატირებული მარილის არსებობა აჩვენა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის დინებას დაბალ ტემპერატურაზეც. NASA–ს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 4,3 მილიარდი წლის წინ მარსზე ოკეანე არსებობდა.
სეტ შოსტაკი მიიჩნევს: თუ პლანეტაზე აღმოჩენილი იქნება მიკროორგანიზმები, მაშინ სიცოცხლის არსებობის იდეა ჰიპოთეზიდან რეალურ დასაბუთებად იქცევა.
2015 წლის ივლისში ორბიტალური აპარატ HiRISE–ს კამერებმა გადაიღეს წითელი პლანეტის 536 მეტრიანი უბანი, რომელზეც კარგად ჩანს ყინულოვანი სტრუქტურები. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარინერის ველის კანიონებში შეიძლება საკმაო რაოდენობის წყალი არსებობდეს.
2014 წლის დეკემბერში მარსმავალმა Curiosity–მ მარსის ზედაპირზე ძველი ტბების არსებობის კვალი აღმოაჩინა. მთა შარპის ქანების შესწავლისას აღმოჩნდა სხვადასხვა მარილების არსებობა. მათი ნაწილი წყლის და ქარის ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ მთის ადგილას მდებარეობდა დიდი ტბა. მკვლევარები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მარსის ატმოსფეროში ტემპერატურა ნულ გრადუსზე ზემოთაც ნარჩუნდებოდა.
2013 წელს NASA–მ დაიწყო ექსპერიმენტი, რომლის მიზანი რეალური ექსპედიციების დროს ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლა იყო. მისია HI-SEAS მიმდინარეობდა ჰავაიზე, მიძინებული ვულკან მაუნა–ლონას ფერდობზე, 2 500 მეტრის სიმაღლეზე. შეიქმნა კოსმოსური პირობების იმიტირებული კომპლექსი. მთის რელიეფიც კი მარსის პეიზაჟს გავდა.
HI-SEAS პირველი მისია 4 თვე გრძელდებოდა. ფსიქოლოგიურის გარდა, აქ იკვლევდნენ კოსმოსში ცხოვრების კულინარიულ ასპექტებსაც. მეორე მისია 120 დღე გაგრძელდა. ამოცანებს დაემატა სკაფანდრით კომპლექსის გარეთ მუშაობა. 2014 წლის 15 ოქტომბერს, წინა შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ექსპერიმენტის მესამე ეტაპი. რვა თვის განმავლობაში ექვსი მოხალისე – სამი ქალი და სამიმამაკაცი, 140 კვ. მ. სიდიდის იზოლირებულ გუმბათში ცხოვრობდა. ის შექმნეს მარსიანული ბაზის და კოსმოსური ხომალდის მიხედვით. გუმბათის სისტემები მზის ენერგიით მუშაობდნენ. ყველა რესურსი, წყლის ჩათვლით, შეზღუდული იყო. მაგალითისთვის – შხაპის მისაღებად კვირაში მხოლოდ 8 წუთი იყო გამოყოფილი. გარეთ გამოსვლა მხოლოდ სკაფანდრით იყო შესაძლებელი, გარე სამყაროსთან კავშირი 20 წუთის დაგვიანებით ხორციელდებოდა. თითოეული მონაწილე საკუთარ კვლევით პროექტზე მუშაობდა. თვითონვე წარმოადგენდა მსგავს პირობებში ცხოვრების და მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლის გლობალური პროექტის ნაწილს.
მისია დასრულდა 2015 წლის 13 ივნისს. ამჟამად NASA –ს ჰავაის და სხვა უნივერსიტეტებისსპეციალისტები შედეგებს სწავლობენ. პირველი აზრები "დასახლებულ მარსზე” XVII საუკუნეში წარმოიშვა. მაშინ გამოიგონეს საკმაოდ მძლავრი ტელესკოპები და შესაძლებელი გახდა წითელი პლანეტის ზედაპირის დაკვირვება. მაშინ გახდა შესაძლებელი დიდი სირტის დანახვა. ეს არის ბნელი ლაქა, რომელიც არა ღრმა ზღვად მიიჩნიეს. მაშინ გაჩნდა აზრი, რომ მარსზე არის სიცოცხლის წყარო – წყალი!
იმავე XVII საუკუნეში, იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ ისე კარგად შეძლო მარსის ზედაპირის ზოგიერთი დეტალის გარკვევა, რომ შეძლო მარსის ბრუნვის სიჩქარის გარკვევა. კასინის გამოთვლებით, მარსის დღე–ღამე 40 წუთით გრძელი იყო დედამიწისაზე (სულ 3 წუთით შეცდა). მარსის ხილული ზედაპირი ძალიან ჰგავდა დედამიწისას, რამაც მისი დასახლებულობის იდეა წარმოშვა.
ერთ–ერთი იმათგან, ვინც გაიტაცა მარსზე ცივილიზაციის არსებობის იდეამ, იყო ბოსტონის მაღალ წრეებში მიღებული მდიდარი პერსივალ ლოუელი. ამ თეორიის მიმდევარი ის 1893 წელს გახდა. მან წარმოიდგინა, რომ მარსი მომაკვდავი პლანეტაა, მისი გონიერი და მაღალი განვიტარების ბინადრები პროგრესირებად გაუწყლოვანებას საირიგაციო არხების საშუალებით ებრძვიან. მათი წყალობით, მარსელები ინარჩუნებენ და ინაწილებენ პოლარულ ქუდებში შენახული წყლის მარაგებს